Back

მე-6 ფესტივალის გამარჯვებულები

კინოფესტივალის „თაობა“ მე-6 საფესტივალო გამოშვება 2024 წლის 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი კიდევ უფრო გამორჩეული იყო როგორც წარმოდგენილი ფილმების, დამსწრე აუდიტორიისა და სტუმრების, ასევე მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობით, რომლებმაც „თაობის“ გამარჯვებული ფილმები გამოავლინეს.

გამარჯვებულთა გამოვლენა 1 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, თბილისობის ფარგლებში მოხდა.

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის: „ტვირთი“
მირანდა ნამიჭეიშვილის ფილმის (საქართველო, 2021) მთავარი პერსონაჟი, მათე, ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად შესვლას ცდილობს. თურქეთში მათეს გემზე რბილი სათამაშოებით დატვირთულ ხის ყუთში ჩასვამენ, სადაც კიდევ ორი ადამიანი – რეი და მუჰამედი – ასევე არალეგალურად მოგზაურობს. მოგზაურობის დასასრულს მათე და მუჰამედი აღმოაჩენენ, რომ რეი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას, ორივე ისე განიცდის, როგორც საკუთარი ოჯახის წევრის სიკვდილს.

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის: „მადლობა, ბიჭებო!“
რიკარდო მილანის ფილმის „მადლობა, ბიჭებო!“(იტალია, 2023) მთავარი გმირი, სამსახურეობრივი შემოთავაზებების ნაკლებობის წინაშე დამდგარი ანტონიო, თანხმდება თეატრალური კლასის მასწავლებლის პოზიციას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იგი მალევე აღმოაჩენს ნიჭს პატიმრებში და ეს ყველაფერი კვლავ უღვივებს თეატრში დაბრუნების სურვილს. ანტონიო გადაწყვეტს არსებულ თეატრში დადგას სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“ – სემიუელ ბეკეტის ტრაგიკომიკური პიესა. პატიმრები თანხმდებიან ანტონიოს სურვილს და მალევე აღმოაჩენენ ხელოვნების განმათავისუფებელ და იმედისმომცემ ძალას.

თაობის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის: რვა მთა“
ფელიქს ვან ხნონინგენისა და შარლოტ ვანდერმერშის ფილმი „რვა მთა“ (იტალია, 2023) მეგობრობის ისტორიას ასახავს. ზრდასრული მამაკაცები ცდილობენ თავიანთი მამების მიერ დატოვებული კვალის წაშლას, თუმცა უშედეგოდ. პიეტრო ქალაქელი ბიჭია, ხოლო ბრუნო, მივიწყებული სოფლის ბოლო მკვიდრი. წლების მანძილზე ბრუნო მთის ერთგული რჩება, ხოლო პიეტრო ხან მიდის, ხან ბრუნდება. ეს შეხვედრები მათ სიყვარულისა თუ დანაკარგის გააზრებას აიძულებს, ახსენებს მათ წარმომავლობას. პიეტრო და ბრუნო აღმოაჩენენ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge