Taoba FF 2019

მეორე საფესტივალო გამოშვება

კულტურის და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლის 11-15 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ მეორე საფესტივალო გამოშვება. „თაობის“ მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება, მათთვის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარების დახვეწაა.

2019 წელს ფესტივალის ძირითად პროგრამაში 13-18 წლის 300-მა ახალგაზრდამ (საქართველოდან, იტალიიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო საკონკურსო სექციებში ნაჩვენები იყო 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 28 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გაძლიერებული საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სფეროს პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ლექციებში.

საპილოტე პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში კინოხელოვნებით დაინტერესებულ 50-მდე სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პროფესიულ მასტერკლასებს (ქასთინგის მენეჯმენტი, კინომხატვრობა, დრამატურგია, რეჟისურა).

გაიმართა შეხვედრა იტალიაში მოღვაწე ქართველ მსახიობსა და მომღერალ ლუკა ჩიქოვანთან. „ფაბრიკას“ სახურავზე ჩატარდა 2 სრულმეტრაჟიანი ფილმის საჯარო ჩვენება, ნაჩვენები იქნა ლევან გაბრიაძის ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“ და ჩატარდა შეხვედრა რეჟისორთან. გასართობი პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალურ თამაშს, DJ სეტსა და ქართველი და ამერიკელი ჯგუფების კონცერტებს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში. აღსანიშნავია ისიც, რომ კინოფესტივალმა „თაობა“ 2019 წელს მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი „EFFE Label 2019-2020”.

Comments are closed.